პროკურატურა წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებების სახით წარდგენას ითხოვს
პროკურატურა წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებების სახით წარდგენას ითხოვს
14:01 21.09.2012
საქართველოს პროკურატურა წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერის მფლობელ ყველა პირსა და ორგანიზაციას სთხოვს, ჩანაწერები მტკიცებულებების სახით დაუყოვნებლივ პროკურატურას წარუდგინონ.

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია 11 მოხელე. მათ ბრალი წარედგინათ და წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდათ.

პროკურატურის განმარტებით, იმისთვის, რომ დაცული იყვნენ პატიმრები ძალადობისგან და დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები, მნიშვნელოვანია გამოძიებას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების შესახებ.

„ამიტომ, პატიმართა, მათი ოჯახების და მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერი, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები პროკურატურაში“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა გამოძიებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღკვეთოს უკანონობის ყველა გამოვლინება.

პროკურატურაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების (მათ შორის ვიდეო ფირის) წარუდგენლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

ბეჭდვა