უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური ჯგუფები დღეს საორგანიზაციო კომიტეტს შექმნიან, რომელიც საპროტესტო აქციებს გაუწევს ორგანიზებას.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სტუდენტებმა დღეს უნივერსიტეტის კიბეებზე გამართული საინფორმაციო აქციისას მიიღეს.
მათი თქმით, გასულმა ორმა დღემ და მასშტაბურმა აქციებმა გამოავლინა იმის საჭიროება, რომ საპროტესტო მსვლელობები და აქციები უკეთ ორგანიზებული იყოს და უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი.
კომიტეტის პირველი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე გაიმართება. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი მოწოდებული არიან, რომ ნებისმიერი სახის პროვოკაცია თავიდან იქნას აცილებული და ის საპროტესტო მუხტი, რომელიც სტუდენტური ორგანიზაციების აქციებს მოყვა, არ ჩაქრეს.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, საპროტესტო აქციები ორშაბათიდან განახლდეს. მათ თქმით, ყველა მოთხოვნა, რომელიც ციხეებში პატიმართა წამებაში დამნაშავე პირების დასჯას და ყოფილის შს მინისტრის და სხვა პასუხიმგებელი პირების გასამართლებას ეხება, ისევ ძალაშია.
აქცია უნივერსიტეტთან დასრულებულია.
