სტუდენტები არჩევნებამდე აქციებს წყვეტენ
სტუდენტები არჩევნებამდე აქციებს წყვეტენ
13:32 21.09.2012
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებმაც ბოლო ორი დღის განმავლობაში პატიმართა წამების წინააღმდეგ აქციები გამართეს.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც საზოგადოებას შეატყობინებენ, რომ მათი აქციები არჩევნებამდე აღარ გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა სტუდენტმა ანი ჭანკვეტაძემ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაირკვა, რომ სტუდენტური თვითმმართველობები გეგმავენ აქციების დაწყებას და არსებობს ინფორმაცია, სიტუაციის ესკალაციის მიზნით, შესაძლო გარკვეული პროვოკაციების მოწყობის შესახებ.

„არ ვენდობით თვითმმართველობების მოწოდებებს, რადგან ისინი წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედებდნენ და უნივერსიტეტში იგივე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც ციხის ადმინისტრაცია ციხეში“ - განაცხადა ჭანკვეტაძემ.

მისივე თქმით, სტუდენტებმა არ უნდა მისცენ ხელისუფლებას ვითარების დაძაბვისა და არჩევნების გადადების შესაძლებლობა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ სურთ არჩევნებზე მისვლა და თავისი პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, სტუდენტებს შორის რამდენიმე პირია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს.

ბეჭდვა