პატიმრების მტკიცებით, გლდანის ციხის ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლები კვლავ ადგილზე არიან
პატიმრების მტკიცებით, გლდანის ციხის ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლები კვლავ ადგილზე არიან
13:11 21.09.2012
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები აცხადებენ,რომ პატიმრების წამებაში მონაწილე ციხის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი კვლავ  საპყრობილეში იმყოფება და მათი გაყვანა არ მომხდარა.

როგორც მსჯავრდებულებმა ჟურნალისტებს ციხის საკნებიდან განუცხადეს, ციხის თანამშრომლები, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან, მხოლოდ „დაბმული ხალხის მკვლელები“ იყვნენ, მათი ხელშემწყობები კი კვლავაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობენ.

მათივე თქმით, ციხეში შესული პატრულის თვალს მიფარებისთანავე, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები პატიმრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

„გვეუბნებიან, დაიცადეთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, ნახეთ რას გიზამთო“-აცხადებენ პატიმრები საკნებიდან.

მსჯავრდებულები პატიმრების შეურაცხყოფაში მონაწილე კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ - ლევან სულაქველიძე, ზაზა ძიძიგური, „მეტადონების ოფიცერი“ მამუკა, ოფიცერი გოგია.  მათ ეს  გვარები ტელევიზიებთან დაასახელეს.

„გთხოვთ, გაგვათავისუფლეთ მკვლელებისგან. გვკლავდნენ, ცემაში გვხდიდნენ სულს. სიცილის გამო ექვსი კაცი გვკლავდა“-აცხადებენ პატიმრები.

მათივე განმარტებით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ვინც გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდა, აღნიშნულ ტერიტორიას უნდა ჩამოაშორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში მკვლელობები მოხდება.

„მე არ ვამბობ, რომ ტყულად ვარ დაჭერილი, მაგრამ მომახდევინონ სასჯელი“-აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებული.

ბეჭდვა