„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სასულიერო პირებს პატრიარქზე ზეწოლის ამსახველი კადრების გასაჯაროებას სთხოვს
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სასულიერო პირებს პატრიარქზე ზეწოლის ამსახველი კადრების გასაჯაროებას სთხოვს
11:54 21.09.2012
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სასულიერო პირებს მოუწოდებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან პატრიარქზე განხორციელებული ზეწოლის ამსახველი კადრები მასმედიისთვის გაასაჯაროონ.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაღალი რანგის მოხელეები, მათ შორის, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი სოსო თოფურიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაია პატრიარქს ხშირად სტუმრობენ და ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას აიძულებდნენ. ზეწოლა ხორციელდება სხვა სასულიერო პირებზეც, რაც მისივე თქმით, მეუფე სერაფიმემ და საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტმა ლაშა ჟვანიამ ოფიციალურად დაადასტურეს.

მჟავანაძე აცხადებს, რომ ზეწოლის და მუქარის ამსახველი კადრები არსებობს და მას ისინი პირადად აქვს ნანახი. ის მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებმა ეს კადრები საჯარო უნდა გახადონ, რათა საზოგადოებამ ხელისუფლების ნამდვილი სახე დაინახოს.

„ვიდრე ხალხმა ციხეებში პატიმრების წამების შემზარავი კადრები არ იხილა, არ იჯერებდა, რომ ეს ხდებოდა და სააკაშვილის ხელისუფლება ფრთიანი ანგელოზი ეგონა“-განაცხადა მჟავანაძემ.

მისივე თქმით, არაერთი სასულიერი პირი თავისი კრიტიკული მოსაზრებების გამო დაკავებულიცაა. მჟავანაძე ასევე ამტკიცებს, რომ უშიშროების თანამშრომლები მოძღვრების ქადაგებებს იწერენ და ხელისუფლებისთვის არასასურველი მოსაზრებების შემთხვევაში, შსს-ში იბარებენ. ბევრ მათგანს ფიზიკური ლიკვიდაციითაც ემუქრებიან.





ბეჭდვა