მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას 09:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ღვთისმშობლის შობა 12 უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია.
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მის მშობლებს ღვთისმოშიშ იოაკიმესა და ანას შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი შვილს მომადლებდა.
იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ.
უფალმა ცოლ-ქმრის ვერდება შეისმინა. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა.
მარიამი ერთი წლის რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.
შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა. ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ, ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა.
