ნიკოლოზ რაჭველისა და ბუბა კიკაბიძისთვის სპექტაკლთან დაკავშირებით სტუდენტების პროტესტის ფორმა მიუღებელია
ნიკოლოზ რაჭველისა და ბუბა კიკაბიძისთვის სპექტაკლთან დაკავშირებით სტუდენტების პროტესტის ფორმა მიუღებელია
22:16 20.09.2012
მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიების“ კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სტუდენტების პროტესტს უერთდება, თუმცა, ამის  გამო სპექტაკლის ჩაშლას სწორად არ მიიჩნევს.

როგორც ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, მას თითოეული ქართველი და განსაკუთრებით ისინი უყვარს, ვინც სპექტაკლზე მისულ პუბლიკას სირცხვილის კორიდორი მოუწყო.

„ამ შემთხვევაში, მათ არ იციან და ვერ აცნობიერებენ ჩვენს მიმართ თავის შეცდომას, რადგან მათ უნდა დაგვიტოვონ უფლება, რომ ჩვენი პროტესტი საქმით გამოვხატოთ“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა და დასძინა, რომ თუკი სპექტაკლი უნდა ჩაიშალოს, მაშინ ყველა დარბაზში ყველა კონცერტი უნდა მოიხსნას.

როგორც მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე აცხადებს, მას პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, ორი დღეა არ სძინავს.

„არც ჭამა მინდა, არც ძილი ისე ვარ აღშფოთებული. ვანდალიზმის მაქსიმუმი დავინახეთ. უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ეს ფაქტი განახორციელა. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. მსახიობებმა ამ სპექტაკლში 3 თვე სისხლი ჩააქციეს. დღეს კი, მოდის მაყურებელი და არ უშვებენ“ - განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, პროტესტის ეს ფორმა სირცხვილია, რადგან ყველაფერს თავისი ფორმა და ზომა აქვს.

კიკაბიძის განცხადებით, სპექტაკლი სწორედ იმაზეა, რაზეც აქციის მონაწილეები წუხან.

სპექტაკლი „ვერის უბნის მელოდები“ დღეს ფილარმონიის სცენაზე 20:00 საათზე იყო დაგეგმილი. აქციის მონაწილეებმა სპექტაკლზე დასწრების მისულ მაყურებელს სირცხვილის კორიდორი მოუწყო, რამაც სპექტაკლი ჩაშლა გამოიწვია.

ბეჭდვა