ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი და კოსტავას ქუჩა გადაკეტეს. გაჩერებული ავტობუსებიდან ჩასული მგზავრების ნაწილი აქციას შეუერთდა, ხოლო
ავტობუსის სახურავებზე მონაწილეებმა ტრანსპარანტები აღმართეს.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის წინ სიმბოლურად ცოცხებისგან კოცონი დაანთეს.
როგორც მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, „ამით ცოცხების „ძეგლის“ წინ მარადიული კოცონი დაინთო“.
მან ფილარმონიასთან სახელდახელოდ გაკეთებულ „ცოცხების ძეგლს“ წითელი საღებავით წრე შემოავლო და განაცხადა, რომ სამარცხვინო იქნება, ვინც ამის შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერ ნომერს შემოხაზავს.
მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში აღარავინაა დარჩენილი, მმართველი გუნდის მაისურები ყველამ გაიხადა და სხვადასხვა ქალაქებში პროტესტს გამოხატავს.
