პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილე სტუდენტები ფეხით მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსკენ გაემართნენ, სადაც ისინი მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სტუდენტებმა სახელმწიფოს მთაურს პატიმართა ძალადობის ფაქტებში მონაწილე პირების დასჯა და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაყენება მოსთხოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციაზე მყოფმა პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებში მთავარი დამნაშავე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
მისი თქმით, პენიტენციური სისტემის თანამშრომლები პირდაპირ ამბობენ, რომ პატიმართა წამება და მისი გადაღება უშუალოდ პრეზიდენტის მითითებით ხდებოდა.
„სააკაშვილი ახლა პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ დამნაშავე პრეზიდენტია“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, „ქართული დასის“ აქტივი აქციებს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღეა მართავს.
ბაღათურიას თქმით, მსგავსი აქციები ხვალ ზუგდიდში, ბათუმში, იმერეთსა და კახეთის სხვადასხვა რაიონში იგეგმება.
