ადვოკატები ევროკავშირს სააკაშვილისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას სთხოვენ
ადვოკატები ევროკავშირს სააკაშვილისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას სთხოვენ
16:49 20.09.2012
ქართველი ადვოკატები ევროკავშირის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს სთხოვენ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს  მინისტრი ბაჩო ახალაია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მტრები. ამ მოთხოვნით ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის პოზიცია სააკაშვილის მიმართ ძალიან რბილია.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დიდი ხანია საქმის კურსშია ქართულ ციხეებში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა, თავისი უსიტყვო თანხმობით სააკაშვილის რეჟიმს აძლიერებს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან დიმიტროვს ერთი წლის წინ პირადად გადასცა პატიმარ არქანიას წერილი, რომელშიც პატიმარი მისი გაუპატიურების შესახებ აცხადებდა, თუმცა, ამ ფაქტზე დიმიტროვს რეაქცია არ ჰქონია.

„სწორედ, ევროკავშირის ელჩის დუმილმა მოიტანა ის საშინელებები, რაც საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

ადვოკატები მოითხოვენ, დიმიტროვმა მომხდართან დაკავშირებით მკვეთრი შეფასება გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზოს საქართველოდან მის გაწვევას მოსთხოვენ.

ადვოკატების აღნიშნულ მოთხოვნას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა. საელჩოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რამდენიმე ადვოკატს ელჩის მოადგილესთან გასაუბრება შესთავაზა, რაზეც ადვოკატებმა უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ შეხვედრას მხოლოდ ელჩთან დათანხმდებიან.

ბეჭდვა