სტუდენტების ულტიმატუმი ახალაიას გადაყენებისა და პასუხისგებაში მიცემის შესახებ 15.00 საათზე იწურება
სტუდენტების ულტიმატუმი ახალაიას გადაყენებისა და პასუხისგებაში მიცემის შესახებ 15.00 საათზე იწურება
13:24 20.09.2012
საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები დღეს 15.00 საათამდე ხელისუფლებისგან მოითხოვენ შს მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლებასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

ამის შესახებ განცხადებას სტუდენტები სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებენ და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენს გვერდით. დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ უსამართლობის მოთმენას არ ვაპირებთ არსად, იქნება ეს უნივერსიტეტი, პენიტენციალური სისტემა თუ ზოგადად სახელმწიფო“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, სტუდენტები აქციის ყველა მონაწილეს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს ის, რაც „უსამართლო რეჟიმის წისქვილზე დაასხამს წყალს“.

სტუდენტების მშვიდობიანი აქცია დღეს 15.00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან განახლდება.

სტუდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიერ ორგანიზებული და მასში მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

ბეჭდვა