ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს,
რომ 18 სექტემბერს გავრცელებული შემზარავი კადრები ძალოვან სისტემაში არსებულ არაადამიანურ რეჟიმს ადასტურებს.
„მიგვაჩნია, რომ ის, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, სამწუხაროდ არის მხოლოდ მცირედი იმ სისასტიკისა, რაც გამეფებულია ხელისუფლების თითქმის ყველა დონეზე. ვთვლით, რომ აღნიშნული შოკისმომგვრელი ფაქტები უნდა იქნეს განხილული ერთობლიობაში, ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა. იგი არის 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის არაადამიანური დარბევების, სასამართლოსა და პროკურატურის ტენდენციურობის, „ნულოვანი ტოლერანტობის“, სანდრო გირგვლიანისა და უამრავი სხვა ადამიანის სასტიკი მკვლელობის, სახელმწიფო ორგანოთა გაუმჭვირვალობის, გაუთავებელი მოსმენების, ადამიანის უფლებათა სრული უგულებელყოფის და სხვა იმ უამრავ პრობლემათა ლოგიკური გაგრძელება, რომლებზეც არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას, მათ შორის, უფლებადამცველი ორგანიზაციები“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საკმარისი არ არის დანაშაულის მხოლოდ აღმსრულებელი პირების თანამდებობიდან გადაყენება, ან თუნდაც მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
„პრობლემა, რომელიც დღეს გახდა აქტუალური არ არის მხოლოდ მათი, ერთჯერადი თანამდებობრივი გადაცდომა, ერთეული შემთხვევა. ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც კომპლექსურ გადაწყვეტას მოითხოვს.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რათა შეიქმნას სპეციალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შევიდნენ სახალხო დამცველი და უფლებათადამცველი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, არამედ მთლიანად სასჯელაღსრულების სისტემა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს ციხეების დაქვემდებარება უფლებადამცველი ორგანიზაციების მუდმივი მონიტორინგისადმი, რაზეც 2011 წელს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა ევროპარლამენტმა და საჭიროა, ხელისუფლებამ შეასრულოს ეს რეკომენდაცია.
