„მედიის განვითარების ფონდი“ ჟურნალისტებს წამების მსხვერპლთა იდენტიფიცირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
„მედიის განვითარების ფონდი“ ჟურნალისტებს წამების მსხვერპლთა იდენტიფიცირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
18:18 19.09.2012
„მედიის განვითარების ფონდი“ უერთდება საზოგადოების აღშფოთებას სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი შემზარავი ფაქტების გამო,  მოითხოვს დამნაშავეთა ადეკვატურ დასჯას და მხარს უჭერს ამ პროცესის გამჭვირვალობას.

შესაბამისი განცხადება ფონდმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

ამასთან, „მედიის განვითარების ფონდი“ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლთა გარეგნული, აუდიო და სხვა სახის, პირდაპირი და ირიბი იდენტიფიცირებისგან. ფონდი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირებას.

„უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა თუ საზოგადოებას, რომელიც ახდენს ამ ვიდეოებისა თუ ინფორმაციის ტირაჟირებას, მათ შორის, ახალი მედიის საშუალებებით, ასევე მოგიწოდებთ, დაიცვათ ამ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ღირსება“-ნათქვამია „მედიის განვითარების ფონდის“ განცხადებაში.

იქვე განმარტებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მედია და საზოგადოება დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების შელახვის თანამონაწილე ხდება და მათ არანაკლებ მორალურ და ადამიანურ ზიანს აყენებს.

ბეჭდვა