სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
17:50 19.09.2012
სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სულ მალე იქ ხმის გამაძლიერებლებსა და მიკროფონებს მიიტანენ.

მათი განმარტებით, ისინი კანცელარიასთან მანამ დარჩებიან, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა კი, დამნაშავეთა დასჯაა.

როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, ის თავადაც სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე დარჩება, თუმცა, მოგვიანებით აპირებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდეს.

მან რამდენიმე წუთის წინ აქციის ორგანიზატორებთან მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ხმაური მათ შორის შეუთანხმებლობას მოყვა.

„მე მინდოდა საზოგადოების გაერთიანება. არსებობენ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში მართავენ აქციას. ვამბობდი, რომ ან რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე უნდა გადაგვენაცვლა ყველას ან ისინი მოსულიყვნენ აქ. თუ არ მოგვიწევს ათ ნაწილად დაყოფა, უკეთესი იქნება. სწორედ ამას მოყვა გაუგებრობა“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ბაღათურიამ.

მან აქციის ორგანიზატორებს ხვალინდელი აქციის ერთობლივად დაგეგმვაც შესთავაზა, თუმცა, მის ამ შეთავაზებას დადებითი პასუხი არ მოყოლია.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დაჩი ცაგურიამ ჯონდი ბაღათურიას ურჩია, მეგაფონი სხვისთვის გადაეცა და თვითონ აქციის მონაწილეებს შეერთებოდა.

ბეჭდვა