სტუდენტების აქციაზე შელაპარაკება მოხდა
სტუდენტების აქციაზე შელაპარაკება მოხდა
15:55 19.09.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურებით ორი სტუდენტი გამოჩნდა, რაც აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გააპროტესტა.

აღნიშნულის გამო, სტუდენტებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, თუმცა, ინციდენტი მალევე ამოიწურა. აქციის სხვა მონაწილეების განცხადებით, მათ მაისურებისა და დროშების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და უკმაყოფილო სტუდენტს აქციის დატოვება ურჩიეს.

„დღევანდელი აქცია ყველა პარტიისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. დღეს, სტუდენტები ერთად ვდგავართ, ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებების გარეშე“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სტუდენტების აქციას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

როგორც თვითმმართველობის ერთ-ერთმა წევრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თსუ-ს თვითმმართველობა პატიმრებზე ძალადობას გმობს და საზოგადოების პროტესტს უერთდება.

მისი განცხადებით, ძალადობაში მონაწილე ყველა ადამიანი შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

“თვითმმართველობა უერთდება სტუდენტების მოთხოვნას მანამ, სანამ ისინი არ დაკმაყოფილდება“-განაცხადეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გასამართლებას მოითხოვენ.

ბეჭდვა