მოძრაობა „არას“ ლიდერი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ ვიდეოკადრების გავრცელება, რომელიც პატიმართა წამებას ასახავს, ყველაზე მეტად პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს აწყობდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩიტაძემ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, მას ეჭვი ეპარება, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ მასალა საკუთარი კეთილი ნებით გამოაქვეყნა.
„არამგონია, იმ ადამიანს ეს მასალა საკუთარი კეთილი მიზნების გამო გაევრცელებინა. საეჭვოა ისიც, რომ ამ პიროვნებამ მარტივად შეძლო საზღვარგარეთ წასვლა, ვიდეო-მასალის გატანა და სამსახურისთვის თავის დანებება. ხელისუფლების წარმომადგენელი, ვისაც ამ ვიდეომასალის გამოქვეყნება ყველაზე მეტად აწყობდა, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილია, რადგან ბაჩო ახალაიას გამინისტრების შემდეგ, მან ყველანაირი ძალაუფლება დაკარგა“ - განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ციხეში წამებისა და გაუპატიურების სერიები 2003 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა.
ჩიტაძის თქმით, ხელისუფლებას სურდა „ახალი ქართველის“ შექმნა, რომელიც მუხლის ჩოქვით დადგებოდა ძალოვანი უწყებების წინაშე და მათი სურვილისამებრ „დაიკნავლებდა და დაიყეფებდა“.
