აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს
აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს
13:21 19.09.2012
ფილარმონიის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს.

ამ დროისთვის მელიქიშვილის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია და აქციის მონაწილეებს სიტყვით უფლებადამცველი დაჩი ცაგურია მიმართავს.

ქუჩის გადაკეტვამდე ფილარმონიასთან შეკრებილებს რიგითმა გამვლელებმა სოლიდარობის ნიშნად რამდენჯერმე სიგნალებით ჩაუარეს და მიესალმნენ.

აქციას „სახალხო კრების“ წევრი ირაკლი ბათიაშვილიც შეუერთდა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში საზოგადოების შემოტრიალება ხდება და ისინიც კი, ვინც ხელისუფლების მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, ახლა მას უპირისპირდებიან.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასეთი ვითარება სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა. ხელისუფლებაში მათი მოსვლისთანავე, ციხეები საკონცენტრაციო ბანაკებად იქცა. მე, როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი, თანადგომას ვუცხადებ იმ პატიმრებს, რომლებიც ასეთ დღეში არიან“-განაცხადა ბათიაშვილმა.


ბეჭდვა