კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი აცხადებს,
რომ სასჯელაღსრულების დაწსებულებებში პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის მთავრობა გადადგებოდა. როგორც მელაშვილმა განაცხადა, აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც თანამდებობიდან გამომდინარე, გამოძიებისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ.
მელაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამების ფაქტებზე არასამთავრობოები ხშირად საუბრობდნენ, თუმცა, ამას შესაბამისი ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
„როდესაც ვსაუბრობთ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის დატოვების აუცილებლობაზე ვგულისხმობთ, რომ ეს საქმის ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა მელაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ეს ნაბიჯები უახლოეს მომავალში არ გადაიდგა, ყოველივე ამას საზოგადოების მხრიდან სერიოზული რეაქცია მოყვება.
გარდა ამისა, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლების გუშინდელი განცხადებები, რომლითაც მელაშვილის თქმით, ხელისუფლება მომხდარის პატიმრისთვის გადაბრალებას ცდილობდა.
„თუ ციხეში, საკანში მყოფ ერთ ადამიანს შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ავაშენეთ, ტყუილია“ - აღნიშნა მან.
