რამდენიმედღიანი ავადმყოფობის შემდეგ, ქართველი მომღერალი, ქართული სცენის არწივად
წოდებული თემურ წიკლაური გარცაიცვალა.
თეიმურაზ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).
თეიმურაზ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).
2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.
