ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე შეუერთდა
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე შეუერთდა
12:34 19.09.2012
თბილისში, ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას, სადაც პატიმრების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ,  კოალიცია „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე შეუერთდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სახელისუფლებო სისტემაში მხოლოდ ჭანჭიკის როლს ასრულებდა და ის რეალურად სასჯელაღსრულების უწყებას ვერ მართავდა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ უწყების რეალური მმართველები მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და ზურაბ ადეიშვილი არიან.

მისივე თქმით, სწორედ მათ შექმნეს სასჯელაღსრულების სისტემა ისეთი როგორიც დღეს არის.

აბაშიძის განცხადებით, მსგავსი საპროტესტო გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მანამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.

„ბუნებრივია, ჩვენი კოალიცია ამ აქციას უერთდება, რადგან, რაც ხდება აღმაშფოთებელია. პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ, რადგან ვერავინ გაბედავდა ამას, ეს რომ თავიდან არ მოდიოდეს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ეს რეჟიმი დავასრულოთ“-განაცხადა აბაშიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციები გუშინ გლდანის მერვე საპყრობილესა და ფილარმონიასთან გაიმართა.

ბეჭდვა