„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია სასწრაფოს ცენტრალიზებული წესით გამოძახებას მიუღებლად მიიჩნევს
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია სასწრაფოს ცენტრალიზებული წესით გამოძახებას მიუღებლად მიიჩნევს
17:33 18.09.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამილა გურაშვილი სასწრაფო დახმარების ცენტრალიზებული  წესით გამოძახებას მიუღებლად მიიჩნევს.

როგორც თამილა გურაშვილი აცხადებს, დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკის გაერთიანება 2011 წელს ებრაულმა ფირმა შპს „ადითმა“ შეისყიდა, მათ შორისაა, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიც, რომელიც ცალკე განყოფილება იყო.

მისი თქმით, რამდენიმე თვეში „ადითმა“ სასწრაფო გადაუდებელი სამსახური ხელშეკრულებით რეფერალური დახმარების სამსახურს გადასცა.

„სასწრაფოს გამოძახება 112-ზე დარეკვის შემდეგ, ცენტრალიზებული წესით ხდება, რის შემდეგაც, თბილისიდან მისამართს გადასცემენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადის ბრიგადა დასახმარებლად, რაც დროსთნაა დაკავშირებული“ - განაცხადა გურაშვილმა.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ამ ფაქტს აპროტესტებს.

„რამდენი შემთხვევა იყო, როდესაც სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო, პაციენტი გარდაიცვალა. მოვითხოვთ, შესაბამისმა სამსახურებმა გადამჭრელი ზომები მიიღონ და სასწრაფოს გამოძახება კვლავ ადგილობრივი ნომრიდან გახდეს შესაძლებელი“ - განაცხადა გურაშვილმა.

მისივე შეფასებით, მსგავსი ფაქტები საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს გულგრილ და ზერელე დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

ბეჭდვა