ლაშა ტუღუში - „მაესტროსა“ და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები არ ჩაშლილა
ლაშა ტუღუში - „მაესტროსა“ და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები არ ჩაშლილა
17:22 18.09.2012
კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ სატელიტურ  თეფშებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მაესტროსა“ და უწყებათაშორის კომისიას შორის დაწყებული მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.

როგორც ტუღუშმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ეს საკმაოდ რთული პროცესია და არსებობს საკითხები, რაზეც ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ის იმედოვნებს, რომ მხარეები კომპრომისულ ვარიანტს მოძებნიან და შეთანხმდებიან.

როგორც „მედია ადვოკატირებისთვის“ ჯგუფის წარმომადგენელი განმარტავს, შეხვედრა „მაესტროს“ ხელმძღვანელებსა და უწყებათაშორის კომისიას შორის გუშინ შედგა. მასზე ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიისთვის შეთავაზებული წინადადების დეტალები განიხილებოდა, რომელიც „მაესტროს“ კუთვნილი, დაყადაღებული ანტენების მოსახლეობისთვის „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით დარიგებას გულისხმობს.

„მაესტროს“ სურს, ანტენების დარიგების პროცესი მისთვის სრულიად გამჭვირვალე იყოს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს უნდათ, ყველა ეტაპს ადევნონ თვალი. სადაოა ანტენების რაოდენობა, დამონტაჟების დეტალები და რამდენიმე სხვა ელემენტი“-აღნიშნა მან.

ტუღუშის თქმით, „მაესტროს“ თეფშების დარიგების პროცესი, თუკი შეთანხმება შედგა, მათზე ყადაღის მოხსნას ავტომატურად გულისხმობს.
„მედია ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლის თქმით, „მაესტროსა“ და უწყებათაშორის კომისიას შორის მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის.

გარდა ამისა, ტუღუში აცხადებს, რომ რაც „მაესტროსთან“ დაკავშირებით მოხდა, საკმაოდ ცუდი პრეცედენტია, ამიტომ, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდება.

„სხვანაირად ძალიან რთული იქნება მედიის თავისუფლებაზე საუბარი“-აღნიშნა მან.

რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თანახმაა, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მოსახლეობისთვის მათი დარიგება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. აღნიშნული წინადადება საქართველოს უწყებათაშორისმა კომისიამ „მაესტროს“ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შესთავაზა.


ბეჭდვა