თსუ-ს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი სტუდენტების პროტესტს უერთდება
თსუ-ს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი სტუდენტების პროტესტს უერთდება
14:12 18.09.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გია ბარამიძე სტუდენტების პროტესტს საფუძვლიანსა და სამართლიანს უწოდებს.

როგორც გია ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რეალურად, დღეისათვის განათლების სისტემაში არანაირი რეფორმა არ ტარდება.

მისი თქმით, ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ, რომ უნივერსიტეტის რესურსი გადაიფორმონ, რაც სტუდენტების პროტესტს იწვევეს.

„ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება. ეს რეფორმა კი არა უნივერსიტეტის გადაფორმებაა. განათლების სამინისტროს თსუ-ს ჯიბის უნივერსიტეტად გარდაქმნა სურს, ჭეშმარიტება სტუდენტურ პროტესტშია“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ის სტუდენტების პროტესტს უერთდება. შესაბამისად, პროტესტის ყველა ფორმის გაზიარებას აპირებს, რომელსაც სტუდენტები მიმართავენ.

თსუ-ს ლიტერატურული სალონის მთავარი რედაქტორი ლექსო დორეული მიიჩნევს, რომ სტუდენტებმა ადმინისტრაციული პროტესტის ყველა ფორმა ამოწურეს და იძულებული გახდნენ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ.

დორეულის განცხადებით, განათლების სისტემაში არ არსებობს არცერთი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც სტუდენტები განათლების სისტემის დაგეგმვაში მიიღებენ მონაწილოებას.

„სტუდენტები განათლების სისტემის დაგეგმვიდან აბსოლუტურად გამორთულები ვართ. ყველანაირად ვეცდებით და მოვითხოვთ, რომ იმ საფასურის ფარგლებში რასაც ვიხდით, ხარისხიანი განათლება მივიღოთ“-განაცხადა ლექსო დორეულმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების დაგეგმვითაა დაკავებული და არა სტუდენტების უფლებების დაცვით.

ლექსო დორეულის განცხადებით, სტუდენტები პროტესტს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.

თსუ-ს სტუდენტთა ნაწილმა საპროტესტო აქციები 14 სექტემბერს დაიწყო. ისინი, სწავლის საფასურის შემცირებას, უნივერსიტეტისთვის ავტონომიის დაბრუნებას და უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შეწყვეტას მოითხოვენ.

ბეჭდვა