არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ ბრიუსელში ოფიციალური პრეზენტაციისთვის ემზადება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მოძრაობის თავმჯდომარემ ნესტან კირთაძემ განაცხადა, „ქართულ -აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის“ ოფიციალური რეგისტრაცია ბრიუსელში 11 სექტემბერს შედგა, ხოლო 15 ოქტომბრამდე ბელგიის მეფე ალბერტ მეორე საერთაშორისო მოძრაობის დაფუძნებისა და საქმიანობის უმაღლესი ლეგიტიმაციის შესახებ დეკრეტს გამოსცემს.
კირთაძის განმარტებით, მეფის მიერ დეკრეტის გამოცემისთანავე, 16 ოქტომბერს დანიშნულია მოძრაობის პირველი საერთაშორისო პრესკონფერენცია და შეხვედრა ევროპულ პრესასთან, რომელიც “ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის“ ბრიუსელის შტაბ-ბინაში გაიმართება.
როგორც მან აღნიშნა, გარდა ბრიუსელისა, საერთაშორისო მოძრაობის ოფისები უკვე გაიხსნა პარიზში და ნიუ-იორკში, ხოლო უახლოეს მომავალში, ოფისები გაიხსნება ბერლინში და ევროპის სხვა დედაქალაქებში.
ნესტან კირთაძის თქმით, საერთაშორისო მოძრაობა ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირი სამშვიდობო დიალოგის დაწყებისათვის ხიდის როლს შეასრულებს, ხოლო აფხაზებსა და ოსებს ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება.
კირთაძის თქმით, ბრიუსელის ოფისი მისი მითითებით უკვე ამზადებს წერილებს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერების - ანქვაბისა და თიბილოვისადმი. წერილის საშუალებით, მათ საერთაშორისო მოძრაობა ბრიუსელში „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის“ ევროპულ პრეზენტაციაზე ოფიციალურად იწვევეს.
„აგრეთვე, ჩვენი ბრიუსელის ოფისი უკვე ამზადებს ოფიციალურ წერილებს ანქვაბისა და თიბილოვისადმი და მიმართავს რომ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ჩვენი ოფისები არის მათი ოფისებიც და შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ შეხვდრებისთვის, დისკუსიებისა და ურთიერთობებისთვის ევროპულ და საერთაშორისო დონეზე“ - განაცხადა კირთაძემ და დასძინა, რომ „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ არის უდიდესი საერთაშორისო მანდატისა და სტატუსის მქონე ორგანიზაცია.
კირთაძის თქმით, ერთის მხრივ, ეს არის საქართველოს რეალური ევროინტეგრაცია, ხოლო მეორე მხრივ - შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში.
