თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
13:57 09.12.2020
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ხალხური სიმღერის დიდოსტატის - თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო:

"ქართლ-კახური მღერის დიდოსტატი, უნიკალური მეორე ხმა, დაუვიწყარი მისეული-თემურისეული ვარიანტების შემსრულებელი - ისეთი, ერთხელ რომ მოისმენ და არასოდეს დაგავიწყდება, არავისში აგერევა… ლეგენდარული ,,გორდელას" ერთ-ერთი დამაარსებელი მომაჯადოებელი, ხავერდოვანი ხმითა და შემსრულებლობის განსაკუთრებული მანერით შეიყვარა ხალხმა.

თემურ ქევხიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენასა და გავრცელებაში. 90-იან წლებში, ომიანობის დროს, მაშინ როცა ქვეყანაში არავის ემღერებოდა, იგი ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა. ,,საქართველოს სიმღერის მასწავლებელი” (როგორც მას ხალხმა შეარქვა) - ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემას ,,ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები”. ლოტბარი სიცოცხლის ბოლომდე თავდადებით ემსახურა ქართულ ხალხურ მუსიკას.

,,ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული მხოლოდ სიმღერის სიყვარული კი არა, სამშობლოსა და პიროვნების სიყვარულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ხალხურ სიმღერაზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია” - ამ სიტყვების მთქმელმა დიდმა მაესტრომ - თემურ ქევხიშვილმა აღზარდა საქართველოში თაობები, რომლებიც დღეს უნიკალური ქართული მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციას აგრძელებენ…

თემურ ქევხიშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის…
თანავუგრძნობთ მთელ ქვეყნას..." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბეჭდვა