გამომცემლობა „გურია ნიუსი“ საქართველოს ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათშორის კომისიას, ადგილობრივ და საერთაშორისო
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს.
ამასთან, „გურია ნიუსი“ მედიასაშუალების ოფისში შეჭრისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს.
გამომცემლობის ინფორმაციით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის აქტივისტები, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟი ფსევდო „ინფო 9“-ის წარმომადგენლებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში, ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
„ფსევდო "ინფო-9"-ის ჟურნალისტი რედაქციის კუთვნილ შენობაშიც კი შემოიჭრა და პროვოკაციის მოწყობა სცადა. მისი მოთხოვნა იყო, "გურია ნიუსის" თანამშრომლებს გამოერთოთ კამერები და პირად საკითხებზე" გაეცათ პასუხები“ - აცხადებენ „გურია ნიუსის“ თანამშრომლები. მათი თქმით, ამ ჯგუფის წევრი ნატო ჩიგოგიძე ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორის, #1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ეთერ წილოსანის შვილია.
მათივე თქმით, ჟურნალისტის რედაქციის შენობიდან გაყვანა, მისივე ოპერატორისა და მძღოლის, ასევე, „გურია ნიუსის“ კოლეგების ძალისხმევით, პოლიციის მისვლამდე მოხერხდა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტი დაკითხვაზე დაიბარეს, ფსევდო "ინფო-9"-ის ჯგუფი კი, კიდევ ორი საათის განმავლობაში რედაქციის შენობის წინ აგრძელებდა "პატრულირებას".
