ისრაელის ელჩი, რან გიდორი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (GRCS) პრეზიდენტს, ნათია
ლოლაძეს შეხვდა და MASHAV-ის სახელით (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისთვის:
· თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 600 მოწყვლადი ოჯახისათვის საკვები და ჰიგიენური პროდუქტების დარიგება
· შესაბამის მუნიციპალიტეტებში მასობრივი ტესტირების ხელშეწყობა
· GRCS-ის სასწავლო პლატფორმიდან მოხალისეებისათვის Covid-19-ისა და უსაფრთხოების ზომებზე ონლაინ ტრენინგების ჩატარება
· პერსონალური დამცავი აღჭურვილობის დარიგება მოხალისეებისთვის.
ელჩი და ნათია ლოლაძე ასევე ესტუმრნენ აღნიშნული დახმარების ერთ-ერთ ბენეფიციარს, ქალბატონ ევგენია ოღაძეს, რომელიც ცხოვრობს ვარკეთილში. ქალბატონი ოღაძე ცხოვრობს მარტო და მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია MASHAV-ისა და წითელი ჯვრის დახმარება ამ რთულ პერიოდში.
"აღნიშნული აქტივობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ისრაელის ძალისხმევისა, რათა დაეხმაროს ჩვენს ქართველ პარტნიორებს COVID-19 ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში:
3 ნოემბერს ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ნახევარი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა" - აცხადებენ საელჩოში.
MASHAV– მა საქართველოში საქმიანობა 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ 1500-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაატრენინგა სხვადასხვა დარგებში, მათ შორის: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები და მეწარმეობა, განათლება, ქალთა გაძლიერება და ა.შ.
