საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის წარმომადგენლები სტუმრობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, სამკაციან დელეგაციას პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის პრეზიდენტი მაგდალენა გაჯი ხელმძღვანელობს.
ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაგდანელა გაჯი თავის ქართველ კოლეგას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან.
ვიზიტი ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს შორის 2011 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლოდ გეგმებზეც შეთანხმდნენ.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სიხშირული სპექტრის ეფექტური მართვის და განაწილების საკითხებში გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. ასევე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და ტელეკომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ.
პოლონური მხარე მზადაა საქართველოში სპეციალისტები გამოგზავნოს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება ადგილზე გაუზიარონ. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში საქართველოს კომუნკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელთა ვიზიტია დაგეგმილი.
