ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ ავარიული სახლების არსებობა გააპროტესტა
ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ ავარიული სახლების არსებობა გააპროტესტა
14:10 17.09.2012
საარჩვენო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუკრი ქანთარიამ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად,  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია-ბრიფინგი გამართა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული სახლების არსებობა გააპროტესტეს და აღნიშნული შენობების ფოტოებიც წარადგინეს.

როგორც ნუკრი ქანთარიამ აქციაზე აღნიშნა, ავლაბარში რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავარიული შენობების სახურავები ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა.

„მოვიტანეთ სურათები, რათა საქართველოს პრეზიდენტს იქნებ ცოტა გული ასტკივდეს და თავის უბანში მაინც, მოსახლეობას 1 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში დეხმაროს“ - განაცხადა ქანთარიამ.

მისი განცხადებით, მსგავს ავარიულ მდგომარეობაშია სახლები თბილისის სხვადასხვა რაიონებში და ასევე საქართველოს მასშტაბითაც.

ნუკრი ქანთარიამ აქციაზე წარდგენილი ფოტოები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეაგზავნა და პრეზიდენტს მათი იმ ფოტოების გვერდით განთავსება ურჩია, რომლებზეც ბათუმის განახლებული ღირსშესანიშნაობებია ასახული.


ბეჭდვა