თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ამ წუთებში იმ სტუდენტებთან სასაუბროდ გამოვიდა, რომლებიც
გარკვეული მოთხოვნებით უნივერსიტეტში აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ხმაურით ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ, რექტორის კაბინეტთან შეიკრიბნენ და სანდრო კვიტაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
მანამდე კი, მათ ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელ სტრუდენტებს მიმართეს, რომლებიც ფაკულტეტის დეკანს და რექტორს უნდა შეხვედროდნენ.
აქციის მონაწილეებმა პირველკურსელებს მოუწოდეს, რომ უნივერსიტეტის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა.
როგორც აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა პირველკურსელებს განუცხადა, დღეს უნივერსიტეტის თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია. ასევე, იმისთვის, რომ უნივერსიტეტი თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს, საჭიროა რეგენტთა საბჭოს დაშლა და ავტონომიის დაბრუნება.
მისივე თქმით, პირველკურსელებს ერთ-ერთ ცდუნებად უნივერსიტეტის თვითმმართველობა დახვდება, რომელიც აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია.
აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების დაბრუნებას, სწავლის საფასურის შემცირებას, ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებას მოითხოვენ.
