ბაგრატის ტაძარში რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა. ტაძარში იმყოფება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი
და უნეტარესი ილია მეორე, სადაც დილიდან საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს, დღესვე, ტაძრის კურთხევა გაიმართება.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ბაგრატში უკვე იმყოფებიან კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზვიად ძიძუგური, მანანა კობახიძე და გუბაზ სანიკიძე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“ ბაჩუკი ქარდავა და გურამ ჩახვაძე, წირვა-ლოცვას ესწრებიან ასევე „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრები, „თავისუფალი საქართველოს“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები.
დღევანდელი წირვა-ლოცვისა და ტაძრის კურთხევის ცერემონიის შემდეგ განახლებული ბაგრატის ტაძარი ოფიციალურად გაიხსნება. მისი რეკოსტრუქცია 2009 წელს დაიწყო.
სრულიად საქართველოს - ხელისუფლებას, ოპოზიციასა და საზოგადოებას ბაგრატის ტაძარში დღევანდელ წირვა-ლოცვაზე დასწრებისკენ გასულ კვირას პატრიარქმა მოუწოდა.
