მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემის შემოღება კიდევ ერთი წინასაარჩევნო ნაბიჯია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებას ისახავს მიზნად
- ასე შეაფასა „ნიუსპრესთან“ საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადურმა თბილისის მერიის გადაწყვეტილება დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემის ამოქმედების შესახებ.
„თბილისი არ არის ისეთი დიდი ქალაქი, რომ საათნახევრის განმავლობაში ადამიანს ბევრჯერ მოუწიოს მგზავრობა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამან რეალური შვება მოუტანოს იმ ხალხს, რომლებსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უწევთ“ - განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, ახალი მექანიზმი მერიამ იმ ადამიანებზე გათვალა, რომელთაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში, გამოსავალი არა ფასდაკლების ძველი სისტემით გათვალისწინებული შეღავათების გაუქმება, არამედ მარშრუტების გაზრდა იქნებოდა.
„შეგახსენებთ, რომ ადრე არსებობდა ავტობუსების გრძელი მარშრუტები, რომლებიც ხელისუფლებამ თავად შეამოკლა და ადამიანები აიძულა, სამსახურში მისასვლელად ორი-სამი ტრანსპორტი გამოეცვალათ“-განაცხადა ხადურმა.
დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეიდან ფასდაკლების ძველი სისტემა უქმდება და ახალი მოქმედებს.
ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით გადაიხდის, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.
ფასდაკლების ძველი სისტემა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით პირველი მგზავრობისას 50 თეთრიან, იმავე დღეს მეორე მგზავრობა 30 თეთრიან, ხოლო მესამე და დანარჩენი მგზავრობა 20 თეთრიან ტარიფს გულისხმობდა, გაუქმებულია.
