თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი არ მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურში განუცხადეს,
წყლის მიწოდება თემქის დასახლების ნაწილს თემქის მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტლის მე-22 კორპუსთან სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო შეუწყდა.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუხიანის მოსახლეობას წყალი სატუმბო სადგურში ელექტროენერგიის სადენების დაზიანების გამო არ მიეწოდება. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება კი, სავარაუდოდ, წუხანდელმა ძლიერმა წვიმას და ელჭექმა განმოიწვია. კომპანია „თელასის“ საავარიო ბრიგადები დაზიანების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ და წყალმომარაგება დღის მეორე ნახევრისთვის განახლდება.
წყალი არ მიეწოდებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონების ნაწილსაც. გათიშვის მიზეზი სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნა იყო, თუმცა, აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარდა და მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა.
წუხელ, გვიან ღამით, უხვი ნალექისა და ელჭექის გამო რაიმე პრობლემასთან დაკავშირებით თბილისის სამაშველო სამსახურში გამოძახებები არ დაფიქსირებულა.
