თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების აქციაზე გამოწვეული დაძაბულობა უკვე განმუხტულია.
თსუ-ს სტუდენტებმა დღეს უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გამართეს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რის შედეგადაც შეხლა-შემოხლა მოხდა და ადგილზე საპატრული პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ვითარება პოლიციის მისვლის შემდეგ დარეგულირდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაცია “ლაბორატორია 1918“ - ის წევრმა გიორგი ღვინჯილიამ განუცხადა, სტუდენტები უნივერსიტეტში არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი ახალი სასწავლო წლისთვის საგნებს ვერ ირჩევენ და ვებ-გვერდზე ვერ რეგისტრირდებიან.
მისივე თქმით, ასევე არსებობს ბევრი სხვა პრობლემა, რომელთა მოგვარებაზე ადმინისტრაცია არ ზრუნავს.
„აქედან გამომდინარე. გადავწყვიტეთ ამ ადამიანებს ულტიმატუმის ენაზე ვესაუბროთ. დღეს ჩვენი მოთხოვნები დავაყენეთ, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება“ - განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ.
მისი განმარტებით, სტუდენტები იმ საგნებს ვერ ირჩევენ, რომელიც მათი სპეციალობისთვის აუცილებელია, შესაბამისად, ისეთი საგნების არჩევა უწევთ, რომლებიც არ სჭირდებათ.
„საგნებს ვერ ვირჩევთ, რადგან ადგილები არ არის. ადმინისტრაციას ვატყობინეთ ამ პრობლემების შესახებ და ისინი გვპასუხობენ, რომ პირადი პრობლემები გვაქვს“ - აღნიშნა ღვინჯილიამ.
სტუდენტები ამ პრობლემების მოგვარებას ელიან.
აქციის მონაწილეებმა თსუ-ს ტერიტორია უკვე დატოვეს.
