მედიაექსპერტები ტელეკომპანიებს გაშუქების ტონის შეცვლისა და ბალანსის დაცვისკენ მოუწოდებენ
მედიაექსპერტები ტელეკომპანიებს გაშუქების ტონის შეცვლისა და ბალანსის დაცვისკენ მოუწოდებენ
16:33 14.09.2012
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და ორგანიზაციამ „მემო 98“ მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

როგორ ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კორძაიამ განაცხადა, მონიტორინგი 23 ივლისი - 5აგვისტის პერიოდში ჩატარდა. დაკვირვების საგანი საქართველოში მოქმედი 11 ტელეკომპანიის საუკეთესო საეთერო დრო იყო. მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის გამოვლენას, თუ როგორ აშუქებს წინასაარჩევნოდ მედია აქტუალურ თემებს.

ტელეკომპანიების საეთერო დროის თვისობრივი მონიტორინგის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგადი შეფასება „კარგ ხარისხს“ უახლოვდება თუმცა, გამოვლინდა პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანის მიერ შეკითხვების მიკერძოებულად დასმის ფაქტები. ასევე, პირველი არხის ეთერში დაფიქსირდა პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტებისთვის საინფორმაციო გამოშვებებზე ხანგრძლივი დროის დათმობის ფაქტებიც.

„მისაღები ხარისხით“ შეფასდა „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ მიერ მოვლენების გაშუქება. თუმცა, ბალანსის კომპონენტში მათ საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელი აქვთ. მონიტორინგის შედეგებით, „რუსთავი 2“-ისთვის დამახასიათებელია მიკერძოებული ტონი -ცალსახად დადებითი ხელისუფლების მიმართ. „იმედისთვის“ კი, გარდა დაუბალანსებლობისა და მიკერძოებული გაშუქებისა, მოვლენების ზედაპირული გაშუქებაცაა დამახასიათებელი.

ამასთან, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მონიტორინგის შედეგად ყველაზე დაბალი შეფასებით გამოირჩევა „რეალ ტვ“. როგორც მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული, არხი ვერ სცდება „სუსტ ხარიხს“ ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით შეფასებისას როგორიცაა - ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, გაშუქების ტონი და ბალანსი.

ამასთან, კარგ კრიტერიუმს უახლოვდება „მაესტროსა“ და „მე -9არხის“ საქმიანობის ხარისხი, თუმცა, ამ არხების მიუკერძოებულობის ხარისხს პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ შეკითხვების მიკერძოებულად დასმა ამცირებს.

რაც შეეხება ტელეკომპანია „კავკასიას“, მონიტორინგის შედეგად, მიუხედავად საინფორმაციო გამოშვებების, მოკვლევითი მასალებისა და წყაროების იდენტიფიცირების ხარვეზებისა, ის დაბალანსებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თუმცა, არხის მიუკერძოებულობას კითხვის ნიშნის ქვეშ პოლიტიკური თოქ-შოუები და მათი წამყვანები აყენებენ.

ტელეკომპანია „აჭარის“ ზოგადი შეფასება „სუსტსა“ და „მისაღებ ხარისხს“ შორის მერყეობს. „კარგი ხარიხსით“ შეფასდა „25-ე არხი„. თუმცა, მედიაექსპერტები მას ფაქტების სიზუსტეზე ყურადღების გამახვილებას ურჩევენ. ასევე, „სუსტსა“ და „მისაღებ“ ხარიხს შორის მერყეობს ტელეკომპანია „რიონის“ შეფასება, ხოლო საინფორმაციო გამოშვებების სიმწირის გამო, „მეგა ტვ“-ის სრულყოფილი შეფასება შეუძლებელია.

მედიაექსპერტები ტელეკომპანიის წარმომადგენლებს ურჩევენ შეცვალონ გაშუქების ტონი, დაიცვან ბალანსი, ხოლო თოქ-შოუებში აღმოიფხვრას სიძულვილის ენა და არაკორექტული ლექსიკა.

ბეჭდვა