საარჩევნო უბნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური კაბინები განთავსდება
საარჩევნო უბნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური კაბინები განთავსდება
16:15 14.09.2012
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით  გაწეული საქმიანობის განხილვა მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები ცესკო-ს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო პროცესების გამარტივების მიზნით გაწეულ საქმიანობას და განსახორციელებელ პროექტებს ეცნობიან.

ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ესწრებიან.

შეხვედრაზე კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭიროებების დადგენის მიზნით განხორციელებული პროექტის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 8 523 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველია და ამის გათვალისწინებით, თბილისში 39 და რეგიონებში - 92 საარჩევნო უბანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთთვის სპეციალური ხმის მიცემის კაბინები განთავსდება.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გასამარტივებლად ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც მისივე განმარტებით, იმ საჭიროებების გამოვლენას გულისხმობდა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყო აუცილებელი.

შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ტარდება. 

ბეჭდვა