შიმონ პერესი მსოფლიო ებრაელობას ახალ წელს - როშ ჰაშანას ულოცავს
შიმონ პერესი მსოფლიო ებრაელობას ახალ წელს - როშ ჰაშანას ულოცავს
14:53 14.09.2012
ებრაული კალენდრით ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა მთელ მსოფლიოში ებრაული დიასპორებისადმი მილოცვა გაავრცელა.

ებრაული ახალი წელი ანუ როშ ჰაშანა წელს 16 სექტემბრის საღამოდან დადგება და საახალწლო ზეიმი 17-18 სექტემბერს გაგრძელდება.

პრეზიდენტმა ებრაელებს ბედნიერი მშვიდობიანი, ჯანმრთელი და ხვავიანი წელიწადი უსურვა.

„მსოფლიოს ებრაულ თემებს არა მხოლოდ ოჯახის წევრებად, არამედ სრულყოფილ პარტნიორებად აღვიქვამთ და ებრაული კავშირების შენარჩუნებას, განვითარებასა და აყვავებას ვალდებულებად მივიჩნევთ“ - აღნიშნავ ს პერესი.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ებრაელი ერი მორალის, ცოდნისა და მშვიდობის უძველეს საყრდენზე დგას და უპირისპირდება სირთულეებს და ხელიდან არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს როგორც ებრაელ ერს, ისე მთელ მსოფლიოს.

მისი თქმით, ერთობა და მორალური ღირებულებები მამოძრავებელი ძალაა, რომელთაც ერი განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ მიჰყავს.

ისრაელის მეცნიერულ და ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბრისას, შიმონ პერესმა აღნიშნა, რომ ხორციელდება ადამიანის ტვინის გამოკვლევები, რომლებიც „ადამიანის გონების ჯერ ამოუხსნელი საიდუმლოების გახსნას და კაცობრიობის კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე წინ წაწევას“ შეუწყობს ხელს.

როშ ჰაშანა „მონანიების დღეების“ პირველი დღესასწაულია და თიშრეის (ებრაული კალენდრის თვე) პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება. როშ ჰაშანას დღეებში ცხვრის რქის საკრავს უკრავენ და ხილს, განსაკუთრებით თაფლში ამოვლებულ ვაშლს მიირთმევენ.

ბეჭდვა