გორან ბრეგოვიჩი ქართველ მსმენელს ენერგიულ საღამოს ჰპირდება
გორან ბრეგოვიჩი ქართველ მსმენელს ენერგიულ საღამოს ჰპირდება
14:58 13.09.2012

ბალკანელი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი „ევროპის მოედანზე“ დღეს საღამოს დაგეგმილ კონცერტზე თაყვანისმცემლებს ენერგიულ საღამოს ჰპირდება.



როგორც ბრეგოვიჩმა დღეს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, კონცერტზე წარდგენილი იქნება ჯიფსი კინგთან ერთად შექმნილი ალბომი სახელწოდებით „შამპანური ბოშებისთვის“. შესრულდება ძველი და ახალი ჰიტები. პროგრამა საათნახევარი გაგრძელდება.

ბრეგოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება და მისი წინა ვიზიტების შემდეგ, თბილისი მნიშვნელოვნად შეცვლილია.

„აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც ჩემს სახლში“ - განაცხადა ბრეგოვიჩმა.

მისი თქმით, ის საქართველოსა და ქართველების მიმართ დადებითადაა განწყობილი, იცნობს ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამზარეულოს. განსაკუთრებით კი - ხაჭაპური მოსწონს.

ბრეგოვიჩი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებშია ჩამოსული. მისი ვიზიტის ორგანიზატორი კომპანია “არტ ფორუმია“.

როგორც „არტ ფორუმის“ პროდიუსერმა კახაბერ ცისკარიძემ განაცხადა, რამდენიმე წლის წინ ბრეგოვიჩი საქართველოში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა, ვინაიდან, საღამო დახურული იყო, მასზე მოხვედრა ბევრმა თაყვანისმცემელმა ვერ შეძლო.

მან ქართველ მსმენელს დღეს საღამოს „ევროპის მოედანზე“ მისვლისკენ მიუწოდა. კონცერტი 20.00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

გორან ბრეგოვიჩის კომპოზიციები არაერთ ცნობილ ფილმშია გამოყენებული. ის ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმების საუნტრეკების ავტორია.

ბრეგოვიჩმა მუსიკა ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ფილმებისთვისაც შექმნა.


ბეჭდვა