საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს 11 ბიზნეს-ცენტრი გაიხსნება
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს 11 ბიზნეს-ცენტრი გაიხსნება
09:03 13.09.2012
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 11 ბიზნეს-ცენტრი გაიხსნება.

როგორც „ნიუსპრესს“ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ბიზნეს-ცენტრები აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში; მარტვილის რაიონის სოფლებში - აბედათში, ლეხაინდრაოში, ნაგვაზაოში, ინჩხურში, გაჭედილსა და სალხინოში გაიხსნება; ბიზნეს-ცენტრები ამოქმედდება სენაკის რაიონის სოფლებში - ფოცხოში, ნოსირში, ძველ სენაკსა და ახალსოფელში.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცნობით, ბიზნეს-ცენტრები აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით და უზრუნველყოფილია სწრაფი ინტერნეტით.

დასახელებულ სოფლებში მდებარე ბიზნეს-ცენტრებში კი, ადგილობრივები დასაქმდებიან, რომლებიც თანასოფლელებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში დაეხმარებიან.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე 31 ბიზნეს-ცენტრი მოქმედებს. „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიზნეს-ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.



ბეჭდვა