„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 11 ბიზნეს-ცენტრი გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ბიზნეს-ცენტრები აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში; მარტვილის რაიონის სოფლებში - აბედათში, ლეხაინდრაოში, ნაგვაზაოში, ინჩხურში, გაჭედილსა და სალხინოში გაიხსნება; ბიზნეს-ცენტრები ამოქმედდება სენაკის რაიონის სოფლებში - ფოცხოში, ნოსირში, ძველ სენაკსა და ახალსოფელში.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცნობით, ბიზნეს-ცენტრები აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით და უზრუნველყოფილია სწრაფი ინტერნეტით.
დასახელებულ სოფლებში მდებარე ბიზნეს–ცენტრებში კი, ადგილობრივები დასაქმდებიან, რომლებიც თანასოფლელებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში დაეხმარებიან.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე 31 ბიზნეს–ცენტრი მოქმედებს. „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიზნეს–ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
