იურუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადაცემის საკითხი საქართველოსა და საბერძნეთს შორის უნდა გადაწყდეს.
ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ახალმა ელჩმა იუვალ ფუქსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ფუქსმა აღნიშნა, მონასტრის საკითხის შესახებ მან ისრაელში საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტების დროს გაიგო.
მისი თქმით, ქართველებმა კარგად იციან, რომ მონასტერი გარკვეული პერიოდია საბერძნეთს ეკუთვნის.
„აქედან გამომდინარე, ვიყავით ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებას საბერძნეთთან აპირებს. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის უნდა გადაწყდეს“ - განაცხადა იუვალ ფუქსმა.
მისივე თქმით, მონასტერი უბრალოდ ისრაელის ტერიტორიაზეა, შესაბამისად, სახელმწიფო მოლაპარაკებებში ჩართული არ არის.
რაც შეეხება საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნებზე ისრაელიდან დამკვირვებლების გამოგზავნას, ელჩის განცხადებით, ისრაელმა აღნიშნულთან დაკავშირებით ეუთოსგან მიწვევა უკვე მიიღო.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ქნესეთში განიხილება, თუმცა, პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.
