დაჩი ცაგურია პრეზიდენტს მოუწოდებს - უარი თქვას სიძულვილის ენაზე
დაჩი ცაგურია პრეზიდენტს მოუწოდებს - უარი თქვას სიძულვილის ენაზე
13:18 12.09.2012
უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ,  უარი თქვას სიძულვილის ენაზე, რომელსაც ის, მათი თქმით, ბოლო ცხრა წელია თითქმის ყველა პოლიტიკური ოპონენტის მიმართ იყენებს.

ამის შესახებ ცაგურიამ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების წარმომადგენლებს ერთმანეთთან ღიად აპირისპირებს და ცდილობს, მოსახლეობის ემოციებით მანიპულირებას. მის ამ განზრახვას საქართველოს მოქალაქეები სიმშვიდით უნდა დავუპირისპირდეთ და არ მივცეთ ავტორიტარ მმართველს ქვეყანაში კონფლიქტის ესკალაციის საშუალება“ - განაცხადა ცაგურიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ყოველი ასეთი აგრესიული გამონათქვამით ძალადობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ცაგურიას განცხადებით, ხალხი თითქმის ყოველდღე ხედავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ აგრესიულ ქვის მსროლელ მოძალადე მოქალაქეებს.

„სწორედ პრეზიდენტის სიძულვილის ენის დამსახურებად მიგვაჩნია, ქვეყანაში ჩვეულებად ქცეული საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების დევნისა და დაპირისპირების ფაქტები“ - განაცხადა ცაგურიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი ყოველი ასეთი აგრესიული გამოსვლისას პრაქტიკულად ხელ-ფეხს უხსნის ძალადობას და დაუსჯელობის განცდას უქმნის სხვადასხვა „ზონდერ დაჯგუფებების“ წარმომადგენლებს.

ბეჭდვა