პრეზიდენტი - საგამოცდო ცენტრი მუდმივად ღია იქნება და გამოცდაც წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება
პრეზიდენტი - საგამოცდო ცენტრი მუდმივად ღია იქნება და გამოცდაც წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება
12:37 12.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სერტიფიცირებულ პედაგოგებთან შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის შეცვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოცდო ცენტრი ადრე წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებოდა.

„ეს კანტორა წელიწადში ერთხელ იღებოდა, ხელფასები ჰქონდათ თვეში 15 ათას ლარამდე. ერთი თვე იმუშავებდნენ, მივიდოდა ადამიანი და თუ ვერ ჩააბარებდა მთელი წელი ისევ უნდა დალოდებოდა. მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჩაბარებაზე კორუფცია აღარ არსებობდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საჭირო იყო რეპეტიტორის აყვანა, რასაც შესაბამისი ფინანსები და საშუალება სჭირდება.

პრეზიდენტის განმარტებით, ამიერიდან საგამოცდო ცენტრი მუდმივად ღია იქნება და გამოცდაც წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება.

„ახალგაზრდებს თავისი შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ და მასწავლებლების შემდეგი გამოცდაც იანვარში ჩატარდება, ვინც ვერ ჩააბარებს, მეორე შესაძლებლობა იანვარში მიეცემა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან განმარტა, რომ გამოცდების ინტენსივობის გაზრდით მთავრობის ამოცანა არა ვიღაცის ჩაჭრა და „გამოჭერაა“, არამედ, პედაგოგთა დონის გაზრდა და გაუმჯობესებაა, რაშიც მასწავლებლებს ხელს ყველანაირად შეუწყობენ.

„ზოგიერთი მასწავლებელს დაჭერით ემუქრება და ზოგი კიდევ რითი, მაგრამ ეს არასერიზული საუბარია. ხალხს უყვარს მასწავლებლები და ისინი აფსებენ იმას, რომ პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობენ. ნიჭის დაფასება ჩვენთვის გადამწყვეტია“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მასწავლებლებს სერტიფიცირება მიულოცა და ვინც გამოცდა შესაბამის დონეზე ვერ ჩააბარა, მომდევნო ჯერზე წარმატება უსურვა.


ბეჭდვა