პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები სკოლებში ჩატარდება
პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები სკოლებში ჩატარდება
12:20 12.09.2012
პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები სკოლებში ჩატარდება და არა საგამოცდო ცენტრებში, როგორც ეს აქამდე იყო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გლდანის მშენებარე პროფესიული სასწავლებლის შენობაში სერტიფიცირებულ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პედაგოგების საგამოცდო ცენტრში მიყვანა სერტიფიცირებისთვის ერთგვარად დამამცირებელიცაა.

მისი განმარტებით, 5 საათიანი გამოცდის ხანგრძლივობა 2.5 საათამდე შემცირდება, აღნიშნული დრო კი, საჭირო პროგრამას თავისუფლად ეყოფა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, პედაგოგთა ატესტაციისთვის ახალი კრიტერიუმები იმოქმედებს, რომლის თანახმად, მასწავლებელთა კვალიფიკაცია იმითაც განისაზღვრება, თუ მისმა რამდენმა მოსწავლემ ჩააბარა ერთიანი ეროცნული გამოცდა, როგორია აკადემიური მოსწრება, როგორ ტარდება გაკვეთილები და ა.შ

„ეს არ იქნება გადამწყვეტი კრიტერიუმი, მაგრამ იქნება ერთ-ერთი კომპონენტი იმისთვის, რომ მოხდეს მათი სერტიფიცირება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოში თითქმის აღარ იარსებობს სკოლა, რომელიც მთლიანად აღდგენილი და განახლებული არ იქნება.






ბეჭდვა