ბიძინა ივანიშვილი ქართველ ფეხბურთელებსა და კალათბურთელებს წარამატებას უსურვებს
ბიძინა ივანიშვილი ქართველ ფეხბურთელებსა და კალათბურთელებს წარამატებას უსურვებს
17:10 11.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ფეხბურთელებსა და კალათბურთელებს წარამატებას უსურვებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ფეხბურთის გულშემატკივრები, დღეს მოუთმენლად ელიან 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის.

„მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს! მჯერა, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალისხმევას არ დაიშურებენ გამარჯვებისთვის და ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის გახარებისთვის“- ნათქვამია მიმართვაში.

ივანიშვილი „ევრობასკეტ 2013“-ის შესარჩევ ტურში ქართველი კალათბურთელების თამაშზეც ამხვილებს ყურადღებას, მათ წარმატებას უსურვებს და ამასთანავე, 8 სექტემბერს, ლატვიის გუნდთან მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სპორტსმენები კიდევ ბევრჯერ გაახარებენ გულშემატკივრებსა და ჩვენს ქვეყანას“- ნათქვამია მიმართვაში.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ამ წუთებში სპორტის სასახლეში ჰოლანდიის ნაკრებს უპირისპირდება, ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კი - 21:30 საათზე ესპანეთს შეხვდება.

ბეჭდვა