„მაესტრო“ ხელისუფლების შეთავაზებაზე თანახმაა, თუმცა, დეტალების შესათანხმებლად შეხვედრას ითხოვს
„მაესტრო“ ხელისუფლების შეთავაზებაზე თანახმაა, თუმცა, დეტალების შესათანხმებლად შეხვედრას ითხოვს
15:37 11.09.2012
ტელეკომპანია „მაესტრო“ სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის შეთავაზებაზე თანახმაა, თუმცა, შეთანხმების დეტალების გასარკვევად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა, „მაესტრომ“ შეხვედრის სურვილის შესახებ უწყებათაშორის კომისიას კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ ჯგუფის წევრის ლაშა ტუღუშის მეშვეობით უკვე აცნობა.

კიკაბიძის თქმით, ტელეკომპანიის ინტერესებში შედის, რომ მოსახლეობაში „მაესტროს“ ანტენების დარიგება განახლდეს, თუმცა, მას უწყებათაშორისი კომისიის გუშინდელ შეთავაზებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. კერძოდ, „მაესტროს“ აინტერესებს, ვინ დაამონტაჟებს ანტენებს, ვინ შეარჩევს სეგმენტს, ვისაც ანტენები უნდა დაურიგდეს, რომელი რეგიონებიდან დაიწყება პროცესი და ა.შ.

„კომისიას შევატყობინეთ, რომ შეთანხმების თაობაზე ჩვენი მხრიდან მზაობა არის, უბრალოდ, გვაინტერესებს დეტალები, გვაქვს შეკითხვები და მათი მხრიდან ველოდებით პასუხს შეხვედრის ადგილსა და ფორმატზე“-განაცხადა კიკაბიძემ.

ხელისუფლება თანახმაა, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მოსახლეობისთვის მათი დარიგება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. აღნიშნული წინადადება საქართველოს უწყებათაშორისმა კომისიამ „მაესტროს“ გუშინ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შესთავაზა.

ბეჭდვა