ისრაელის სახლის დელეგაცია ქალაქ ონს ეწვია
ისრაელის სახლის დელეგაცია ქალაქ ონს ეწვია
16:55 22.07.2020
21 ივლისს, ისრაელის სახლის დელეგაცია, რომელიც გახლავთ ევროპაში ებრაული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების ასოციაციის წევრი და ევროპის საბჭოს ეგიდით დამტკიცებული ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის წარმომადგენელი, ქალაქ ონს ეწვია. სტუმრებს ონის მერიაში გამართულ შეხვედრაზე უმასპინძლა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

✅ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, ისრაელის სახლმა მერის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა ლაილაში-ონი-უწერის მარშრუტი, რომელიც ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ნაწილი გახდება. ამასთან, ისრაელის სახლმა წარმოადგინა მონუმენტის პროექტი, რომელიც მიეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთ და ბატონი სერგი მეტრევლის ხსოვნას, რომელმაც რუსეთის ქალაქ კისლოვოდსკიდან ნაცისტური რეჟიმის მიერ დევნილი ებრაელები შეიფარა და რომელიც ერთადერთი ქართველია, ვისაც იერუსალიმში მდებარე ჰოლოკოსტის მუზეუმმა „იად ვა-შემმა“ მიანიჭა „ერთა შორის მართლის“ („ხასიდეი უმმოთ ჰა-ოლამ“) წოდება.

✡ შეხვედრის შემდეგ, მერის მოვალეობის შემსრულებელი დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია მდიდარი ებრაული მემკვიდრეობა, ონის ისტორიულ სინაგოგას, ქალაქის ებრაულ კვარტალს, ებრაელთა სასაფლაოს და ბე’ერ შევას სკვერს. ისრაელის სახლი გეგმავს მხარი დაუჭიროს ონის მუნიციპალიტეტის მერიას ებრაული კვარტლისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროცესში. ამის შემდგომ, სტუმრებმა გადაინაცვლეს სოფ. უწერაში, სადაც ისრაელის სახლის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სერგი მეტრევლის სახლი, სადაც ის დევნილ ებრაელებს იფარავდა. მხარეები გეგმავენ, ითანამშრომლონ ხსენებული ადგილის განახლების პროექტის შექმნის მიმართულებით.

ბეჭდვა