დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა თსუ-დან პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება გააპროტესტეს
დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა თსუ-დან პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება გააპროტესტეს
13:18 11.09.2012
დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს და უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის ფაქტები გააპროტესტეს.

როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით ბევრი ლექტორი გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი და ეკონომიკური ფაკულტეტის პროფესორი გურამ მეტეხელი.

„სტუდენტები ასეთ უსამართლობას არ შევეგუებით. მსგავსი ფაქტები ილიას უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც განხორციელდა.
არ დავუშვებთ იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტი პოლიტიზებული იყოს და ხელისუფლება მის საქმიანობაში უხეშად ერეოდეს“ - განაცხადა კობაიძემ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტში არაპროფესიონალიზმი იმარჯვებს, მშობლები კი, სწავლის საფასურს პროფესიონალიზმში უნდა იხდიდნენ.

როგორც აქციის მონაწილე საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ახალგაზრდულ საკითხებში გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, გათავისუფლებულები სამსახურიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მას შემდეგ დაითხოვეს, რაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულება დააფიქსირეს.

„მათთვის არ განუმარტავთ თუ რის გამო ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. საუბარია რამდენიმე ათეულ ლექტორზე. გარდა ამისა, მთლიანად დახურეს რამდენიმე კათედრა“ - აღნიშნა ლილუაშვილმა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ლექტორების პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, ქუჩაში აქციებზე 10 ათასობით სტუდენტს გამოიყვანენ.

ბეჭდვა