სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ადამიანის
ბუნებასა და მისი მუდმივი განვითარების აუცილებლობაზე იქადაგა.
პატრიარქის თქმით, ადამიანი ღვთის ქმნილების გვირგვინია, მაგრამ ვერასდროს ვერ ჩაწვდება იმ საიდუმლოებას, რომელიც უფალმა თავის ქმნილებაში ჩადო.
„ნათქვამია, იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია, მაგრამ იგი ვერასოდეს მიაღწევს მამა ზეციერის სრულყოფას, თუმცა, მუდმივი განვითარება აუცილებელია“ - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ადამიანი ღვთის ქმნილებათა შორის უდიდესი სასწაულია, რომელიც ფიქრობს, მუშაობს, დედამიწაზე და კოსმოსში აღმოჩენებს აკეთებს, თუმცა, ადამიანმა ვერ შეისწვალა საკუთარი თავი.
უწმინდესის თქმით, რომაელი ფილოსოფოსის სიტყვები - შეიცან თავი შენი ისევ სიტყვებად დარჩა, რადგან, პატრიარქის თქმით, ადამიანს სხვისი შესწავლა უფრო ეხერხება, ვიდრე საკუთარი თავის.
უწმინდესმა ბრძენი სოლომონის სიტყვები გაიხსენა - ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ომისა და მშვიდობისა.
უწმინდესის განმარტებით, ადამიანისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება ომი, ნგრევა და სხვა მოვლენები.
„მიუხედავად ამის, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მონაწილე ხდება ნგრევისა და შენებისა. თუ ადამიანი აშენებს, ბედნიერია, თუ ანგრევს უბედურია იგი. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ის აშენებს, მაგრამ სინამდვილეში ანგრევს. ზოგი ფიქრობს რომ ანგრევს, მაგრამ სინამდვილეში აშენებს. ღმერთმა ინებოს, რომ მოგვცეს ძალა და მადლი, შევთხოვოთ უფალს, რათა მშვიდობა და სიხარული სუფევდეს, მუდამ ვაშენებდეთ და სიკეთეს ვაკეთებდეთ“ - ბრძანა უწმინდესმა.
