განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს ხელახალი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს
განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს ხელახალი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს
16:32 08.09.2012
საქართველოს განათლების სამინისტრო იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები  მიიღეს, ხელახალი არჩევანის გაკეთებისა და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები.

წელს პირველად, უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა. არაინფორმირებულობისა და გამოუცდელობის გამო, აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია სასურველი პროგრამები და უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება - იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის აბიტურიენტებისთვის 11 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა